ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატამ საქართველოს მხარდამჭერი ორპარტიული აქტი ერთხმად დაამტკიცა

ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატამ საქართველოს მხარდამჭერი ორპარტიული აქტი ერთხმად დაამტკიცა.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის მიერ დამტკიცებული „საქართველოს მხარდამჭერი აქტი“ საქართველოს მეგობართა ჯგუფის თანათავმჯდომარე კონგრესმენებმა, ჯერი კონოლიმ (დემოკრატი-ვირჯინიის შტატი) და ადამ კინზინგერმა (რესპუბლიკელი-ილინოისის შტატი) 2019 წლის 16 იანვარს წარადგინეს. კანონპროექტს 31-მდე თანასპონსორი ჰყავდა, როგორც დემოკრატიული, ასევე რესპუბლიკური პარტიებიდან. აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის მიერ საქართველოს მხარდამჭერი აქტის ერთსულოვნად დამტკიცებამდე, იგი კონგრესის რამდენიმე კომიტეტმა, მათ შორის საგარეო ურთიერთობათა, იურიდიულ საკითხთა და შემოსავლების კომიტეტებმა ერთხმად მიიღეს.
დოკუმენტი განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს აშშ-საქართველოს შორის თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობას, საქართველოს თავდაცვისუნარიანობის განმტკიცებას და ამ მიმართულებით სახელმწიფო მდივანს, შესაბამის უწყებებთან ერთად საქართველოსთან თანამშრომლობის მომავალი ხუთი წლის სტრატეგიის წარდგენას ავალებს.
კანონპროექტით კონგრესი აშშ-ს სავაჭრო წარმომადგენელს მოუწოდებს გადადგას ქმედითი ნაბიჯები საქართველოსა და აშშ-ს შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების გასაფორმებლად, მოლაპარაკებების მიმართულებით.
საკანონმდებლო აქტით კონგრესი გმობს რუსეთის მიერ საქართველოს რეგიონების – აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ოკუპაციას; ასევე, ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებათა დარღვევის შემთხვევებს, მათ შორის, საქართველოს მოქალაქეების, არჩილ ტატუნაშვილის, გიგა ოთხოზორიას და დავით ბაშარულის მკვლელობებს. ამ სახით, კანონპროექტი ეხმიანება „რუსეთის ფედერაციის მიერ ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონში ადამიანის უფლებების უხეში დარღვევისა და „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის შესახებ“ საქართველოს პარლამენტის ორპარტიულ რეზოლუციას; კერძოდ, კანონპროექტი გმობს რუსეთის ფედერაციის მიერ ძალისმიერი გზით ოკუპირებულ საქართველოს აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში/სამხრეთი ოსეთი მიმდინარე დაკავების, გატაცებისა და ადამიანის უფლებათა სხვა დარღვევებს, მათ შორის საქართველოს მოქალაქეების – არჩილ ტატუნაშვილის, გიგა ოთხოზორიასა და დავით ბაშარულის მკვლელობებს. კანონპროექტი მხარს უჭერს კონფლიქტის მშვიდობიან მოგვარებას და მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას, რომ სრულად შეასრულოს ევროკავშირის შუამავლობით მიღწეული ცეცხლის შეწყვეტის თაობაზე 2008 წლის 12 აგვისტოს შეთანხმება, და მხარს უჭერს საქართველოს რეგიონებში – აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში/სამხრეთი ოსეთი საერთაშორისო უსაფრთხოების მექანიზმების შექმნასა და საკუთარ სახლებში იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა უსაფრთხო და ღირსეულ დაბრუნებას.
კანონპროექტი ასევე მოუწოდებს აშშ-ს ადმინისტრაციას ქმედითი ნაბიჯების გადადგმისკენ რუსეთის დეზინფორმაციასა და პროპაგანდასთან ბრძოლაში საქართველოს შესაძლებლობების გაძლიერების მიმართულებით. ამ კანონპროექტის ამოქმედებიდან 180 დღის ვადაში აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა აშშ-ის სხვა შესაბამის უწყებებთან კონსულტაციის გზით, ზემოხსენებულ საკითხზე აშშ-ის კონგრესს უნდა წარუდგინოს საქართველოსა და აშშ-ს შორის თანამშრომლობის თაობაზე ანგარიში.
როგორც შემდგომი ნაბიჯი, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის მიერ უკვე დამტკიცებული საკანონმდებლო აქტის პროექტი აშშ-ის სენატს გადაეგზავნება. სენატის შესაბამისი კომიტეტებისა და სენატის პლენარულ სესიაზე კანონპროექტის დამტკიცების შემდეგ, იგი ხელმოსაწერად აშშ-ის პრეზიდენტს გაეგზავნება, რომლის ხელმოწერის შემთხვევაში იგი კანონის ძალას შეიძენს.

გაზიარება

Share on facebook
Facebook
Share on twitter
Twitter