ანრი ოხანაშვილი – ტყუილია, თითქოს ანა დოლიძე დარბაზში არ შემოვუშვით

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრის, ანა დოლიძის განცხადებას, რომ იგი კომიტეტის სხდომაზე არ დაუშვეს, ტყუილს უწოდებს.
ოხანაშვილის თქმით, დარბაზში კონკრეტული ადგილები წინასწარ არის გადანაწილებული და დასწრების მსურველმა კომიტეტის თავმჯდომარეს ამის თაობაზე წინასწარ უნდა მიმართოს, რასაც მისივე თქმით, ანა დოლიძის მხრიდან ადგილი არ ჰქონია.
„მოგეხსენებათ, დარბაზი განკუთვნილია პარლამენტის წევრებისთვის, მედიის წარმომადგენლებისთვის, საერთაშორისო დამკვირვებლებისთვის. გადანაწილებულია კონკრეტული ადგილები, სად სხედან არასამთავრობოების, სახალხო დამცველისა და ადვოკატთა ასოციაციის წარმომადგენლები. შესაბამისად, თუ ვინმე გვთხოვს, რომ ამ ფორმატში დარბაზში დავასწროთ, ეს ადგილები არის განსაზღვრული. თუმცა, ამის მიუხედავად, ინტერესი არის დიდი, თუკი ვინმეს აქვს დასწრების სურვილი და ადგილები არ გვაქვს თავისუფალი, ვთავაზობთ დარბაზში აივანზე დასწრების უფლებას. შესაბამისად, მასაც შევთავაზეთ აქ დასწრების საშუალება. როგორც ჩანს, იუკადრისა მოქალაქეებთან ერთად დაჯდომა. ძალიან უხერხულია საბჭოს წევრის მხრიდან, რომ მოქალაქეებთან დაჯდომას უკადრისობ და არ გაქვს სურვილი, დაესწრო სხდომას.
სპეკულაცია იმასთან დაკავშირებით, თითქოს ვინმეს დასწრების საშუალებას არ ვაძლევთ, არის ძალიან ცუდი და არასწორი. არ შეიძლება, რომ საზოგადოება, მით უმეტეს, საბჭოს წევრს შეცდომაში შეჰყავდეს. ჩემს სახელზე დასწრების შესახებ განცხადება არ შემოსულა. ძალიან ცუდია, როდესაც ანა დოლიძე ტყუის და ცდილობს, საზოგადოება შეცდომაში შეიყვანოს. ეს არის მოკლე ინფორმაცია, რათა კომიტეტისა და პარლამენტის წევრებმა, ასევე საერთაშორისო დამკვირვებლებმაც იცოდნენ ამის შესახებ“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

გაზიარება

Share on facebook
Facebook
Share on twitter
Twitter