ბრიტანეთი ევროკავშირის დატოვებას 31 ოქტომბერს აპირებს

დიდი ბრიტანეთის მთავრობა ირწმუნება, რომ ქვეყანა ევროკავშირს 31 ოქტომბერს დატოვებს, – ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერსი“ ავრცელებს.
„ჩვენ ვაპირებთ ევროკავშირის დატოვებას 31 ოქტომბერს. გვაქვს ამის რესურსი და საშუალება. რაც შეეხება წერილს, ის იმიტომ გავაგზავნეთ, რომ პარლამენტი პრემიერ-მინისტრს ამას ავალდებულებდა“, – განაცხადა მაიკ გოუვმა.
ევროკავშირთან ახალმა შეთანხმებამ თემთა პალატაში მხარდაჭერა ვერ მიიღო, რის გამოც ბორის ჯონსონს კანონი ავალდებულებდა, რომ ევროკავშირისთვის ბრექსიტის გადადება ეთხოვა.
„მაგრამ პარლამენტს პრემიერ -მინისტრის აზრის შეცვლა არ შეუძლია, პარლამენტი ვერც მთავრობის პოლიტიკასა და დადგენილებას შეცვლის,“ -განაცხადა გოვემ.
შაბათს ბრიტანეთის თემთა პალატამ „ბრექსითის“ გადავადებას დაუჭირა მხარი. დეპუტატ ოლივერ ლეტვინის მიერ შეტანილი ცვლილების სასარგებლოდ ხმა 322-მა დეპუტატმა მისცა, წინააღმდეგი კი 306 იყო. ბორის ჯონსონს კანონი ავალდებულებდა, რომ ევროკავშირისთვის გადავადების შესახებ თხოვნა იმ დღესვე, ბრიტანეთის დროით 23:00 საათამდე გადაეგზავნა.
ჯონსონმა ბრიუსელს „ბრექსითის“ გადავადების თხოვნით წერილი გადაუგზავნა, თუმცა ხელმოწერის გარეშე. თხოვნას თან ერთვოდა მეორე, ჯონსონის მიერ ხელმოწერილი წერილი, სადაც ნათქვამი იყო, რომ „ბრექსითის“ გადადება დიდი შეცდომა იქნება.

გაზიარება

Share on facebook
Facebook
Share on twitter
Twitter