საქართველოს პრეზიოდენტი ტოკიოში იაპონიის იმპერატორის, ნარუჰიტოს ტახტზე ასვლის ცერემონიას დაესწრება

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სამუშაო ვიზიტით იაპონიაში გაემგზავრა. საქართველოს პრეზიდენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, სალომე ზურაბიშვილი, მსოფლიო ლიდერებთან და იაპონიის ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, ტოკიოში იაპონიის იმპერატორის, მისი უმაღლესობა ნარუჰიტოს ტახტზე ასვლის ცერემონიას დაესწრება.
საქართველოს პრეზიდენტის სამუშაო ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრები, როგორც იაპონიის ხელისუფლების უმაღლესი თანამდებობის პირებთან, ასევე ორმხრივი შეხვედრები სხვადასხვა ქვეყნის პრეზიდენტებთან.
სალომე ზურაბიშვილი შეხვდება იაპონიის პრემიერმინისტრს სინძო აბეს, უსაფრთხოების ცენტრში კიბერუსაფრთხოების ჯგუფის წარმომადგენლებს, იაპონიის პარლამენტში იაპონიის პარლამენტის მრჩეველთა პალატის პრეზიდენტს აკიკო სანტოს, იაპონიის საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის წარმომადგენლებს და ტოკიოს მერს იურიკო კოიეკეს. ორმხრივი შეხვედრებიდან კი აღსანიშნავია სალომე ზურაბიშვილის მოლაპარაკებები ავსტრიის რესპუბლიკის პრეზიდენტ ალექსანდერ ვან დერ ბელენთან და სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტ არმენ სარქისიანთან.
საქართველოს პრეზიდენტი ტოკიოში კულტურის, სპორტისა და ტურიზმის სფეროებში ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გაღრმავების თვალსაზრისით, იაპონიის ტურიზმისა და ღვინის სექტორების წარმომადგენლებს ასევე, კულტურის სასახლის პრეზიდენტსა და მედიაჰოლდინგ “ფუჯი”-ს აღმასრულებელ დირექტორს, იაპონიის ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტს და 2020 წელს ტოკიოს ოლიმპიური თამაშების საპატიო პრეზიდენტს შეხვდება. პრეზიდენტი ტოკიოში რამდენიმე მუზეუმს დაათვალიერებს, მათ შორის, თანამედროვე ტექნოლოგიების მუზეუმს, ციფრულ მუზეუმსა და მირაიკანის მუზეუმს.
სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, სალომე ზურაბიშვილი იაპონიაში ქართულ დიასპორასა და ქართველ სპორტსმენებს შეხვდება. საქართველოს პრეზიდენტი იაპონიაში სამუშაო ვიზიტს 25 ოქტომბერს დაასრულებს.

გაზიარება

Share on facebook
Facebook
Share on twitter
Twitter