გაეროს გენერალურმა ასამბლეამ ვენესუელა 2020-2022 წლების ადამიანის უფლებათა საბჭოს წევრად აირჩია

ვენესუელა გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოში აირჩიეს, რასაც ადამიანის უფლებათა დამცველების პროტესტი მოჰყვა.
საბჭოს 47 წევრიდან ჯერ-ჯერობით 14 აირჩიეს. ლათინური ამერიკისათვის გამოყოფილი 2 ადგილიდან ერთი ვენესუელას შეხვდა, მეორე კი ბრაზილიას. 47 წევრი საბჭოში 3 წლის ვადით აირჩევა. ამ ფაქტს აშშ-ს სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო გამოეხმაურა და გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს მიერ ვენესუელის არჩევას თვალთმაქცობა უწოდა.
„სამწუხაროდ, მადურომ უსირცხვილოდ მიაღწია ადგილს გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოში, რათა დაბლოკოს ვენესუელელი ხალხის რეპრესიების შეზღუდვა. სამწუხაროა, რომ სხავ ქვეყნებმა ხმა მისცეს მადუროს მთავრობისთვის ადგილის მინიჭებას. ეს სრული დარტყმაა არამხოლოდ რეჟიმის მსხვერპლთა, არამედ მსოფლიოში ადამიანის უფლებების წინააღმდეგ”, – ნათქვამია პომპეოს განცხადებაში.
ასევე მისი თქმით ამერიკა გააგრძელებს მუშაობას მოკავშირეებთან და პარტნიორებთან დროებითი პრეზიდენტის ხუან გუაიდოს მხარდასაჭერად, ვენესუელაში ადამიანის უფლებების დაცვისა და დემოკრატიის აღსადგენად.
კრიტიკა მოჰყვა საბჭოში ბრაზილიის არჩევასაც. ბრაზილიის ახალი პრეზიდენტი ჟაირ ბოლსონარო ხმაურიანი განცხადებებით გამოირჩევა. მას არაერთხელ დაუჭერია მხარი სამხედრო დიქტატურისათვის და ემხრობა პოლიციის მიერ კრიმინალების “ქუჩაში ტარაკნებივით დახოცვას”.
ეს პირველი შემთხვევა არაა, როდესაც ადამიანის უფლებათა საბჭოში კონკრეტული ქვეყნის არჩევამ კრიტიკა გამოიწვია. საბჭოში წარსულში აურჩევიათ საუდის არაბეთი, ჩინეთი, ინდონეზია და რუსეთი.
აშშ-მა საბჭო გასულ წელს დატოვა და მიზეზად ისრაელის წინააღმდეგ მიკერძოებულობა დაასახელა.

გაზიარება

Share on facebook
Facebook
Share on twitter
Twitter