რასმუსენის იდეა შესანიშნავია სიტუაციის შესაცვლელად-მეთიუ ბრაიზა

ყოფილი ამერიკელი დიპლომატის, მეთიუ ბრაიზას განცხადებით, საქართველომ უნდა მოახერხოს ნატო-ს წევრი ქვეყნების, განსაკუთრებით აშშ-ს დარწმუნება, რომ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ყოფილი გენერალური მდივნის, ანდერს ფოგ რასმუსენის ინიციატივა მომგებიანია.
რასმუსენის იდეაზე, რომელიც გულისხმობს, საქართველოს ნატო-ში გაწევრიანებას, კოლექტიური თავდაცვის მეხუთე მუხლის გაუვრცელებლად სეპარატისტულ რეგიონებზე – სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთზე, ბრაიზა „საქართველოს ინსტიტუტთან უსაფრთხო პოლიტიკისთვის“ ინტერვიუში საუბრობს.
„რასმუსენის იდეა შესანიშნავია სიტუაციის შესაცვლელად. ეს გამოყოფილ რეგიონებს საქართველოს არ დაუბრუნებს, მაგრამ ქვეყანას მისცემს უსაფრთხოების გარანტიებს და ალიანსის წევრობას. შესაძლოა, ეს წარმოსახვითია, მაგრამ არა უპრეცედენტო. კვიპროსშიც მსგავსი რამ მოხდა, როცა ევროკავშირმა მიიღო კუნძული მის შემადგენლობაში…როდესაც მსგავსი მიმართულებით ვსაუბრობთ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთზე, შეგვიძლია განვიხილოთ, რომ ყველა რეგიონი გახდეს ნატო-ს წევრი, მხოლოდ მეხუთე მუხლი არ გავრცელდეს ამ ტერიტორიებზე“, – აცხადებს მეთიუ ბრაიზა.
„ნატო-ს წევრ ქვეყნებს ჯერ ეს საკითხი არ განუხილავთ. ისინი ძალიან ფრთხილად უნდა იყვნენ, რომ აიცილონ წევრი სახელმწიფოების კრიტიკა, განსაკუთრებით აშშ. თუ პრეზიდენტი ტრამპი დაიწყებს ან წინადადებაზე საუბარს, თუნდაც ანგელა მერკელი ან პრეზიდენტი მაკრონი, მაშინ გენერალური მდივანიც უფრო გახსნილად ისაუბრებს ამ მიმართულებით. პირველ რიგში, გადაწყვეტილება წევრმა სახელმწიფომ უნდა მიიღოს… ჯერ ისინი მხარს არ უჭერენ ამ იდეას, თუმცა იმედი მაქვს, მომავალში ასე მოხდება“, – აღნიშნავს ინტერვიუში ბრაიზა.

გაზიარება

Share on facebook
Facebook
Share on twitter
Twitter