დავით ზალკალიანი ლავროვთან შეხვედრა იყო დროული, საჭირო და აქტუალური

ნიუ იორკში, გაერო-ს გენერალური ასამბლეის ფარგლებში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვთან შეხვედრის ერთ-ერთი ძირითადი მოტივი და ფაქტორი იყო უკანონო ბორდერზიაციის მძიმე ტალღა, რომელიც განხორციელდა ბოლო სამი თვის განმავლობაში, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა პარლამენტში განაცხადა, სადაც მას „მინისტრის საათის“ ფორმატში უსმენენ.
“როგორც მაშინ, ისე დღესაც, ვიყავი და ვარ დარწმუნებული, რომ ეს შეხვედრა იყო დროული, საჭირო და აქტუალური“, – განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა.
მისი თქმით, ოკუპირებულ რეგიონებში ბოლო პერიოდში შექმნილი გამწვავებული ვითარება იყო ამ შეხვედრის მთავარი განმაპირობებელი.
“მიუხედავად იმისა, რომ საოკუპაციო ხაზთან ბოლო პერიოდში განვითარებული პროცესების, ბორდერიზაციის აგრესიული ტალღის ფონზე, ჩვენ მოვახდინეთ საერთაშორისო თანამეგობრობის ყველა ინსტიტუტის მაქსიმალური მობილიზაცია, არ დარჩენილა არც ერთი ფორმატი, საერთაშორისო მექანიზმი და ორგანიზაცია, რომელიც არ გამოეხმაურა ამ მოვლენებს, პროცესი მაინც გრძელდებოდა და მნიშვნელოვანი იყო მისი შემდგომი გართულების პრევენცია”, – განაცხადა ზალკალიანმა.
მისი თქმით, სწორედ შემნილი ვითარება გახლდათ განხილვის მთავარი საგანი გაერო-ს გენერალური ასამბლეის ფარგლებში გამართულ ყველა მაღალი დონის შეხვედრაზე, სადაც პარტნიორებმა შემოგვთავაზეს განხილულიყო შესაძლებლობა გამოგვეყენებინა გაეროს ფორმატი რუსეთის ფედერაციასთან ამ საკითხებზე სასაუბროდ.

გაზიარება

Share on facebook
Facebook
Share on twitter
Twitter