საქართველოს მთავრობის მეთაურის ოფიციალური ვიზიტი სომხეთის რესპუბლიკაში, პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანთან შეხვედრით დაიწყო

საქართველოს მთავრობის მეთაურის, გიორგი გახარიას ოფიციალური ვიზიტი სომხეთის რესპუბლიკაში სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანთან შეხვედრით დაიწყო.
გიორგი გახარიას პატივსაცემად, სომხეთის რესპუბლიკის მთავრობის სახლში დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა. ქართველ კოლეგას ნიკოლ ფაშინიანმა პირისპირ შეხვედრაზე უმასპინძლა.
“ჩვენ დიდი პასუხისმგებლობა გვაქვს – ეს არის ჩვენი ისტორია და ჩვენი წინაპრები, რომლებმაც საფუძველი ჩაუყარეს ჩვენს ორ ხალხს შორის მეგობრობას. დარწმუნებული ვარ, ღირსეულად გავართმევთ თავს ჩვენზე დაკისრებულ ამ ვალდებულებას. მინდა დაგიდასტუროთ, რომ საქართველოს მთავრობა მზად არის, მეტი იმუშაოს იმისთვის, რომ ქართულ-სომხური ურთიერთობები გახდეს კიდევ უფრო ეფექტური, ჩვენი თითოეული მოქალაქის საკეთილდღეოდ. მიუხედავად იმისა, რომ დღეს ჩვენ ძალიან კარგი ურთიერთობები გვაქვს, ვთანხმდებით, რომ შეგვიძლია ის კიდევ უფრო განვავითაროთ, რათა მეტი სარგებელი მოვუტანოთ ჩვენს ხალხს, მათ შორის ეკონომიკაში, მშენებლობაში, ინფრასტრუქტურაში, კულტურაში, სპორტში და ყველა მიმართულებით”,- განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.
ქართველ კოლეგას ოფიციალური ვიზიტისთვის მადლობა გადაუხადა სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრმა. ნიკოლ ფაშინიანმა საკუთარი პრემიერ-მინისტრობის ერთ-ერთ მნიშვნელოვან მიღწევად საქართველოსთან მეგობრული ურთიერთობების კიდევ უფრო მაღალ დონეზე აყვანა დაასახელა.

გაზიარება

Share on facebook
Facebook
Share on twitter
Twitter