მაია ცქიტიშვილი-დღეს 15 ოქტომბერს, ანაკლიის განვითარების კონსორციუმს შუალედური ვალდებულებების შესრულების ვადა ეწურება

ვიცე-პრემიერის, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მაია ცქიტიშვილის ინფორმაციით, დღეს 15 ოქტომბერს, ანაკლიის განვითარების კონსორციუმს შუალედური ვალდებულებების შესრულების ვადა ეწურება, რომელთა შეუსრულებლობის შემთხვევაში, მთავრობას უფლება აქვს, კონსორციუმთან პორტის მშენებლობასთან დაკავშირებით გაფორმებული ხელშეკრულება მოშალოს.
„მიმდინარე წლის ივნისის ბოლოს, როგორც თქვენთვის ცნობილია, საინვესტიციო ხელშეკრულებაში შეტანილი ცვლილებების გათვალისწინებით, 2019 წლის ბოლომდე ანაკლიის განვითარების კონსორციუმს მიეცა ვადა, მოიპოვოს პორტის პირველი ფაზის მშენებლობისთვის საჭირო დაფინანსება, როგორც საკუთარი კაპიტალის მოზიდვის ნაწილში, ასევე წლის ბოლომდე კონსორციუმმა უნდა წარმოადგინოს, გააკეთოს 400 მლნ დოლარზე გაფორმებული სასესხო ხელშეკრულებები. ამავე ცვლილებით განისაზღვრა შუალედური ვადები, კერძოდ, 15 ოქტომბერს კონსორციუმმა უნდა შეასრულოს ორი ვალდებულება – უნდა წარმოადგინოს პოტენციურ ინვესტორებთან 120 მლნ-ის ოდენობით კაპიტალის მოზიდვაზე ხელმოწერილი სავალდებულო ხელშეკრულებები, რომელთა ძალაში შესვლა დამოკიდებულია ბანკებიდან 400 მლნ აშშ დოლარის ოდენობით სესხების მოზიდვაზე. მეორე ვალდებულებაა, წარადგინოს საერთაშორისო ბანკებთან ხელმოწერილი წინასწარი შეთანხმებები 400 მლნ დოლარის ოდენობით სესხების მოზიდვაზე იმ პირობებით, რომელიც იქნება მისაღები მთავრობის ნაწილში საქართველოს მთავრობისთვის“, – განმარტა ვიცე-პრემიერმა.
„ვინაიდან კონსორციუმის მიერ დოკუმენტაციის წარდგენის საბოლოო ვადა 2019 წლის 15 ოქტომბრით განისაზღვრება, ვალდებულები ვართ დღის ბოლოს ვადა ამოწურულად ჩავთვალოთ და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით დამდგარი შედეგი საზოგადოებას 16 ოქტომბერს ვაცნობოთ,”- განაცხადა მინისტრმა.

გაზიარება

Share on facebook
Facebook
Share on twitter
Twitter