საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტომ საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი „BB მინუსიდან“ BB-მდე გააუმჯობესა.

ავტორიტეტულმა საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო S&P Global Ratings-მა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი ერთი ბიჯით, „BB -„-დან „BB“-მდე გააუმჯობესა სტაბილური პერსპექტივით.
როგორც საქართველოს ფინანსთა სამინისტროში აცხადებენ, სარეიტინგო კომპანია „S&P“-ის მიერ რეიტინგის გაუმჯობესება წარმოადგენს მნიშვნელოვან პოზიტიურ ფაქტორს, რაც კიდევ უფრო აძლიერებს საქართველოს მიმართ საერთაშორისო ინსტიტუტების და ინვესტორების ნდობას და პოზიტიურად აისახება ქვეყნის ბიზნეს გარემოზე.
Standart & Poor’s-ის მიერ გამოქვეყნებულ მიმოხილვაში აღნიშნულია, რომ საქართველომ, საგარეო გამოწვევების მიუხედავად, ბოლო წლებში შედარებით მაღალი ეკონომიკური ზრდა აჩვენა, რომელიც 2015-2018 წლებში საშუალოდ თითქმის 4-პროცენტიან ნიშნულზე იყო. პოზიტიური შეფასება აქვს კომპანიას სამომავლოდაც, რადგან მიიჩნევს, რომ ხელისუფლების პოლიტიკა მიმართული იქნება ექსპორტისა და უცხოური ინვესტიციების დივერსიფიცირებაზე, ასევე ინფრასტრუქტურის განვითარებაზე.
მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდას კომპანია მიმდინარე წელს 4.5-პროცენტიან ნიშნულზე ვარაუდობს, რაც წინა პროგნოზთან შედარებით, ნახევარი პროცენტით მეტია. ზრდის საშუალო მაჩვენებელი კი, 2019-2022 წლებში 4 პროცენტი იქნება, რაც რეგიონის ქვეყნებზე მაღალი მაჩვენებელია, – აღნიშნულია მიმოხილვაში.

გაზიარება

Share on facebook
Facebook
Share on twitter
Twitter