თბილისის საქალაქო სასამართლოში „თიბისი ბანკის“ დამფუძნებლების, მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის და ბიზნესმენ ავთანდილ წერეთელის საქმის განხილვა მიმდინარეობს.

„თიბისი ბანკის“ დამფუძნებლები მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე, ასევე ბიზნესმენი ავთანდილ წერეთელი წარდგენილ ბრალდებაში თავს დამნაშავედ არ ცნობენ.
მოსამართლე ნატო ხუჯაძის კითხვაზე, ცნობს თუ არა წარდგენილ ბრალდებაში თავს დამნაშავედ მამუკა ხაზარაძე,უპასუხა, რომ არ ცნობს.
უკანონო შემოსავლის ლეგალიზებაში ბრალდებულმა კიდევ ერთმა პირმა, ბადრი ჯაფარიძემ კი ამ კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომ არ ცნობს თავს დამნაშავედ და მიიჩნევს, რომ ეს არის სრული ცილისწამება. ამავე საქმეზე უკანონო შემოსავლის ლეგალიზებაში დახმარებისთვის ბრალდებული ბიზნესმენმა ავთანდილ წერეთელმა კი განაცხადა, რომ ვერ გაიგო, რა ბრალდებას უყენებს მას გამოძიება და რას ედავებიან.
შეგახსენებთ, თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით 700 000 – 700 000-ლარიანი გირაო აქვთ შეფარდებული. ავთანდილ წერეთელს კი აღკვეთის ღონისძიების სახით 500 000 ლარის ოდენობის გირაო შეეფარდა.
მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს 24 ივლისს ბრალი წარედგინათ ჯგუფურად, 16 664 000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება (დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით). რაც შეხება ავთანდილ წერეთელს, პროკურატურა ბიზნესმენს ბადრი ჯაფარიძისთვის და მამუკა ხაზარაძისთვის უკანონო შემოსავლების ლეგალიზებაში დახმარებას ედავება.

გაზიარება

Share on facebook
Facebook
Share on twitter
Twitter