საპატრიარქო დეკანოზ მამალაძის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

საქართველოს საპატრიაქო დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს. საპატრიარქოს პოზიციით, ეკლესია ავადმყოფი პატიმრის მიმართ ვერ დარჩებოდა გულგრილი და შესაბამის ნაბიჯს გადადგამდა იმ შემთხვევაში, თუ “სათანადო საფუძველი” ექნებოდა, ამიტომ ის დეკანოზ მამალაძის ჯანმრთელობაზე ექსპერტიზის დასკვნის გასაჯაროებას ითხოვს.
„ფაქტორი“ განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:
„როგორც ცნობილია, დეკანოზ გიორგი მამალაძესთან დაკავშირებით უკვე შვიდი თვეა საზოგადოებას მიეწოდება ინფორმაცია, რომ იგი მძიმედაა ავად და ამ მოტივით ითხოვდნენ შუამდგომლობას ეკლესიისგან და შეწყალებას ხელისუფლებისგან.
მიუხედავად იმისა, რომ მამალაძისგან და მის მხარდამჭერთაგან შანტაჟი და ცილისმწამებლური კამპანია ორ წელიწადზე მეტია მიმდინარეობს (და ამის პასუხად ჩვენი პოზიცია ბოლოს ა.წ. 26 თებერვლის განცხადებაში დავაფიქსირეთ), ავადმყოფი პატიმრის მიმართ ეკლესია მაინც ვერ დარჩებოდა გულგრილი და გადადგამდა შესაბამის ნაბიჯს, თუ, რა თქმა უნდა, სათანადო საფუძველი იქნებოდა; ვინაიდან დეკანოზის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით არსებობდა ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაცია, ამიტომაც საქართველოს საპატრიარქომ არაერთხელ მიმართა როგორც იუსტიციის სამინისტროს, ისე სახალხო დამცველს რეალობის გასარკვევად.
სამწუხაროდ, სახალხო დამცველმა ბუნდოვანი პასუხი მოგვცა, ხოლო იუსტიციის სამინისტროდან სამი კვირის წინ მიღებულ წერილში აღნიშნულია, რომ ჩვენი მოთხოვნის დაკმაყოფილებისთვის თანხმობა უნდა ყოფილიყო დაზარალებულის მხრიდან.
ეს პასუხი საზოგადოებასთან ურთიერთობის ჩვენი სამსახურის ხელმძღვანელმა თავის გვერდზე გამოაქვეყნა და ველოდებოდით პატიმრობაში მყოფისაგან გამოხმაურებას, რაც არ მომხდარა.
ა.წ. 1 ოქტომბერს კი უკვე საინფორმაციო სააგენტო ,,პრაიმ-ტაიმმა’’ სასამართლო-ფსიქიატრიული ექსპერტიზის დასკვნის ნაწილი გამოაქვეყნა, სადაც ნათქვამია რომ დეკანოზ გიორგი მამალაძის ,,ქცევა ატარებს დაყენებით (სიმულაციურ) ხასიათს.’’
ცოტა ხნით ადრე დაიბეჭდა ადვოკატ მიხეილ რამიშვილის წერილი, სადაც იგიც აღნიშნავდა, რომ, კვლევების შედეგებით დეკანოზის მხრიდან ავადმყოფობის სიმულაციას (მოგონებას) აქვს ადგილი, თუმცა არ ეთანხმება ექსპერტების დასკვნას და უნდობლობას უცხადებს მათ.
თუ მამალაძის მხარე ასე მართლაც ფიქრობს, ალბათ, მოითხოვენ მათი ნდობით აღჭურვილი ადგილობრივი ექსპერტების, ან საერთაშორისო ექსპერტების ჩართვას, რისი უფლებაც მათ კანონით აქვთ, მაგრამ თუ აღნიშნული შეფასება სიმულაციის შესახებ ეჭვქვეშ ვერ დადგება, სიტუაცია რადიკალურად იცვლება და მამა გიორგის და მის დამცველთა ქმედება სულ სხვა კუთხით წარმოჩინდება, რაც მათ ძალიან დიდ პასუხისმგებლობას დააკისრებს.
ვფიქრობთ, აუცილებელია ექსპერტთა დასკვნა სრულად იქნას საზოგადოებისთვის მიწოდებული, რათა გაუგებრობას არ ჰქონდეს ადგილი“, – ნათქვამია საპატრიარქოს განცხადებაში.
დეკანოზ გიორგი მამალაძის ძმა პროტესტს განაგრძობს. საპატრიარქოს შემდეგ თორნიკე მამალაძემ კარავი პარლამენტის წინ გაშალა
დეკანოზ გიორგი მამალაძის ინტერესების დამცველებმა 2019 წლის 16 აგვისტოს პრეზიდენტის ადმინისტრაციას პატიმრის შეწყალების განცხადებით მიმართეს.
გიორგი მამალაძე მკვლელობის მომზადების ბრალდებით თბილისის აეროპორტში 2017 წლის 10 თებერვალს დააკავეს. ის ბერლინში მიფრინავდა, სადაც საქართველოს პატრიარქს ოპერაციისთვის ამზადებდნენ.

გაზიარება

Share on facebook
Facebook
Share on twitter
Twitter