გახარია იაპონიის ელჩს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, გიორგი გახარია, იაპონიის სრულუფლებიან ელჩს, ტადაჰარუ უეჰარას, შეხვდა. მათ იაპონიიდან პირდაპირი უცხოური ინვესტიციების და ტურიზმის კუთხით არსებულ პოზიტიურ დინამიკაზე ისაუბრეს. აღინიშნა, რომ საქართველო-იაპონიის ურთიერთობის განვითარება საერთო ღირებულებებს ეფუძნება, როგორიცაა დემოკრატია, თავისუფლება, ადამიანის უფლებები და კანონის უზენაესობა.
ასევე მათი საუბრის თემა იყო ორი ქვეყნის გააქტიურებული თანამშრომლობა, რისი მაჩვენებელიც მაღალი დონის ვიზიტებია.
ყურადღება გამახვილდა ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარების კუთხით არსებულ პოტენციალზე. აღინიშნა, რომ საქართველო იაპონიას ერთ-ერთი ყველაზე პერსპექტიულ ეკონომიკურ პარტნიორად და საექსპორტო ბაზრად თვლის. იაპონიაში საქართველოსა და ქართული კულტურის შესახებ ცნობადობის გაზრდის კუთხით განსაკუთრებით მნიშვნელოვან ნაბიჯად შეფასდა ტოკიოში გამართული ორთვიანი გამოფენა „საქართველო – ღვინის სამშობლო“. ამან კი ხელი უნდა შეუწყოს ორმხრივი ეკონომიკური თანამშრომლობის შემდგომ გაღრმავებას.
პრემიერმა და ელჩმა ისაუბრეს ტურიზმის კუთხით არსებულ პოზიტიურ დინამიკაზე. გახარიამ აღნიშნა, რომ იგი მიესალმება იაპონური კერძო სექტორის საქმიანობას საქართველოში, მცირე და საშუალო საწარმოებს კი სრულ მხარდაჭერას უცხადებს.
„პრემიერ-მინისტრმა იაპონელ დიპლომატს მადლობა გადაუხადა იაპონიის მიერ იმ პროექტების მხარდაჭერისთვის, რომლებიც მიმართულია საქართველოში მდგრადი განვითარების უზრუნველყოფისკენ“ – ნათქვამია მოწოდებულ ინფორმაციაში.

გაზიარება

Share on facebook
Facebook
Share on twitter
Twitter