სალომე ზურაბიშვილი ძირითადი მესიჯები გაეროს გენერალურ ასამბლეაზე

გაეროს გენერალური ასამბლეის 74-ე ყრილობაზე სიტყვით გამოსვლისას საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ქვეყნის შიგნით არსებულ საფრთხეებზე ისაუბრა.
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი გაეროს გენერალური ასამბლეის 74-ე სესიაზე. მთავარ გამოწვევად და პრიორიტეტად პრეზიდენტმა მშვიდობა დაასახელა, რადგან მისი თქმით, მშვიდობა ნებისმიერი საზოგადოების უმაღლეს მიზანს წარმოადგენს. მაგრამ გაერთიანებული ერებისათვის ის უმთავრესი არსი და საერთოდ ამ ორგანიზაციის “raison d’être” არსებობის საფუძველია.
ჩემი გამოსვლით მსურს გავაფრთხილო მსოფლიო, რომ ოკუპირებულ აფხაზეთში აფხაზური ენა (რომელიც აღიარებულია საქართველოს კონსტიტუციის მიერ), და აფხაზური იდენტობა განადგურების ზღვარზეა, აფხაზი ერის დემოგრაფიული მდგომარეობა კატასტროფულად არის შემცირებული. აფხაზური ენის, იდენტობისა და ტრადიციების დაკარგვა სამყაროსათვის აღუვსებელი დანაკლისი იქნება.
„მე ვსაუბრობ ჩვენი მოქალაქეების სახელით, რომლებიც აფხაზეთისა და ცხინვალის ოკუპირებულ ტერიტორიებზე ცხოვრობენ, სადაც მუდმივად ირღვევა ადამიანის უფლებები, იზღუდება გადაადგილების თავისუფლება, ჯანმრთელობისა და განათლების მომსახურების ხელმისაწვდომობა. ორივე რეგიონის საზღვრებზე განთავსებული გამშვები პუნქტები პერიოდულად იკეტება, რაც ადამიანების ტანჯვას იწვევს.
ვერაფერი გვათქმევინებს უარს საკუთარ ამბიციებზე და გადაგვახვევინებს ევრო და ევროატლანტიკური ინტეგრაციის კონკრეტული მიზნებიდან“ , – განაცხადა პრეზიდენტმა.
ზურაბიშვილის თქმით, საქართველომ მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია ყველა აღნიშნული მიმართულებით ისე, რომ ერთხელაც არ გადაუხვევია კურსიდან.
როგორც მან გამოსვლისას აღნიშნა, საქართველომ უარი თქვა ძალის გამოყენებაზე, მაგრამ არ უთქვამს უარი დიალოგზე.
„ჩვენ უარი ვთქვით ძალის გამოყენებაზე, მაგრამ დიალოგზე არ გვითქვამს უარი. ჩვენ მოქნილები ვართ, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ არსებულ მდგომარეობას ვურიგდებით. ცვლილებების განხორციელება არის საჭირო და ამას მარტო ვერ შევძლებთ. ჩვენ ყველას ჩართულობა გვჭირდება რეგიონში მდგრადი მშვიდობის მიზნის მისაღწევად“, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.
ჩვენ ვერ მივაღწევთ მდგრადი განვითარების მიზნებს, თუკი შიგნიდან დავსუსტდებით, დავიქსაქსებით და ერთმანეთს დავუწყებთ ბრძოლას, ეს გახლავთ ჩემი მოწოდება ქართველების და არა მხოლოდ ქართველების მისამართით.
როგორც სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, მშვიდობას არა მხოლოდ ომი ემუქრება, მას აგრეთვე სულ უფრო მეტ პრობლემას უქმნის შიდა საფრთხე, რომელიც მზარდ ზემოქმედებას ახდენს სახელმწიფოებსა და საზოგადოებებზე: პოლარიზაცია, სამოქალაქო ღირებულებების გაუფასურება და ურთიერთპატივისცემის დაკარგვა, ზიზღის შემცველი გამონათქვამები, ყალბი ინფორმაცია, კონსპირაციის თეორიები.
პრეზიდენტმა საქართველოს დემოკრატიის ხარისხის გაუმჯობესებაზე ისაბურა და აღნიშნა, რომ საპრეზიდენტო მმართველობიდან საპარლამენტო მმართველობაზე გადასვლით დემოკრატიამ წინ გადადგა ნაბიჯი. მისი თქმით, არ არის გამორიცხული, რომ მომავალში შეიძლება კოალიციური მთავრობა მივიღოთ.
„დემოკრატია ის არის, რაც თითოეული და ყოველი მოქალაქის სრული ჩართულობის, სრული ვალდებულებისა და პასუხისმგებლობის საშუალებას იძლევა გლობალური საფრთხეების წინააღმდეგ ერთობლივ ბრძოლაში, რომელსაც ახლა ვახორციელებთ.
ჩვენ ვუთანაგრძნობთ ტერორიზმის მსხვერპლთა ოჯახებს, კარგად გვესმის მათი შიში და რისხვა და, შესაბამისად, სრულად ვიღებთ ჩვენ წილ ტვირთსა და პასუხისმგებლობას უხილავ მტერთან საბრძოლველად.
საქართველო სერიოზულ მონაწილეობას იღებს ავღანეთში, მალისა თუ ცენტრალურ აფრიკაში განთავსებული სამშვიდობო ძალების ქმედებებში; ეს ქვეყნები შორსაა ჩვენი საზღვრებისაგან, მაგრამ მათი პრობლემები ახლობელია ჩვენთვის მოვალეობის გრძნობიდან და სოლიდარობის პრინციპიდან გამომდინარე. ომი და კონფლიქტები ჩვენი ისტორიის ნაწილია“, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

გაზიარება

Share on facebook
Facebook
Share on twitter
Twitter