კახა კალაძის განცხადებით, თბილისს მდგრადი ურბანული მობილობის 15-წლიანი გეგმა ექნება

დედაქალაქის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომა გაიმართა. დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვამდე, თბილისის მერმა, კახა კალაძემ რამდენიმე განცხადება გააკეთა.
როგორც მან აღნიშნა, თბილისის მერიაში მდგრადი ურბანული მობილობის გეგმაზე მუშაობა დაწყებულია. შესაბამის დოკუმენტს დანიური კომპანია „რამბოლი“ მოამზადებს.
„უცხოელ ექსპერტებთან ერთად, დავიწყეთ მუშაობა მდგრადი ურბანული მობილობის გეგმაზე, რომელიც ქალაქის მთავარი სატრანსპორტო დოკუმენტი იქნება. ანუ ეს არის ტრანსპორტის გენერალური გეგმა. მისი შემუშავებისთვის, მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ გამოცხადებულ ტენდერში გაიმარჯვა მსოფლიოში წამყვანმა დანიურმა კომპანია „რამბოლმა“, რომელიც ამ დოკუმენტზე მერიის შესაბამისი სამსახურების ჩართულობით იმუშავებს. თვითონ ტენდერი აზიის განვითარების ბანკის ფინანსური მხარდაჭერით ჩატარდა“, – განაცხადა კახა კალაძემ.
მისი თქმით, ურბანული მობილობის გეგმა 15 წელზე იქნება გაწერილი და ხელს შეუწყობს ქალაქის საცობებისგან განტვირთვას და ტრანსპორტის სწორად გადანაწილებას.
„ურბანული მობილობის გეგმა იქნება 15-წლიანი, დროში გაწერილი დოკუმენტი, რომელიც დეტალურად განსაზღვრავს ტრანსპორტის განვითარების ყველა ასპექტს: საზოგადოებრივი და კერძო ტრანსპორტის, დისტრიბუციის ავტომანქანებისა და ველოსიპედების, ასევე, ქვეითთა გადაადგილებას. ამ დოკუმენტის საფუძველზე, შესაძლებელი გახდება თბილისის სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის გეგმაზომიერი, სტანდარტებისა და თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისად განვითარება. ამა თუ იმ სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელებისას, კონკრეტული ქუჩისთვის ისეთ პროექტს ვაკეთებთ, სადაც გათვალისწინებულია სპეციალური ზოლები ავტობუსებისთვის, ველობილიკები, ტროტუარების მოწყობა-მოწესრიგება. აღნიშნული დოკუმენტი კი მნიშვნელოვანია იმ მხრივ, რომ მასში მთელი თბილისის გეგმა გაიწერება და ინდივიდუალურად კონკრეტული ქუჩების დაგეგმვა არ მოგვიწევს“, – განაცხადა დედაქალაქის მერმა.

გაზიარება

Share on facebook
Facebook
Share on twitter
Twitter