დავით ზალკალიანი და ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს შეხვდა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა გაეროს გენერალური ასამბლეის 74-ე სესიის ფარგლებში ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანთან მარია პეიჩინოვიჩ ბურიჩთან შეხვედრა გამართა.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, ეს იყო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი შეხვედრა ევროპის საბჭოს ახალ გენერალურ მდივანთან, მისი ამ პოზიციაზე დანიშვნის შემდეგ.
შეხვედრაზე განხილვის მთავარი საკითხები ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტში საქართველოს თავმჯდომარეობა და საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში გართულებული ვითარება იყო.
მხარეებმა კიდევ ერთხელ გამოხატეს შეშფოთება ცხინვალის რეგიონში საოკუპაციო ხაზზე მიმდინარე პროცესების გამო, რაც ართულებს ადგილზე უსაფრთხოების გარემოს და საჭიროებს მხარეების ძალისხმევას ვითარების შემდგომი ესკლაციის თავიდან აცილებისათვის. ამ მხრივ მხარეებმა გამოხატეს მზაობა ხელი შეუწყონ ყველა შესაძლო ფორმატების აქტიურ გამოყენებას, როგორც არსებული ვითარების განმუხტვის, ასევე კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების პროცესში. როგორც შეხვედრაზე აღინიშნა მნიშვნელოვანია საკითხისადმი კომპლექსური, გლობალური პროცესების ანალიზზე დაფუძნებული მიდგომა და გამოსავლის გზების ძიება.
თავის მხრივ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მადლობა გადაუხადა ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის და ოკუპირებულ რეგიონებში შექმნილი მძიმე ჰუმანიტარული ვითარების ევროპის საბჭოს დღის წესრიგში აქტიური წარმოჩენისთვის და ამ საკითხზე გენერალური მდივნის რეგულარული ანგარიშებისთვის.

გაზიარება

Share on facebook
Facebook
Share on twitter
Twitter