დაეცა თუ არა უცხოური ინვესტიციები საქართველოში?

2019 წლის პირველ ნახევარში საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციები 54%-ით დაეცა. სპეკულაციები, როგორც პოლიტიკურ, ისე ეკონომიკის წრეებში ძალიან ბევრია. ზოგიერთმა მედია საშუალებამ კი სამხრეთ კავკასიაში ეკონომიკური კრიზისიც კი დაანონსა. თუმცა ეს მაჩვენებელი ნამდვილად არ იძლევა იმის საფუძველს, რომ საქართველოს ეკონომიკის ჩაძირვაზე დაიწყოს საუბარი, ან პანიკა დაიწყოს. – წერს Eurasianet-ის ანალიტიკოსი სემ ბუთია.

საქართველოს ეკონომიკამ ე.წ. „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ დიდი აღმასვლა განიცადა. ნულოვანი მაჩვენებლიდან ორიოდ წელში, ქვეყანამ 200 მილიონიანი FDI აჩვენა. შემდეგ კი უსწრაფესად 1.2 მილიარდ დოლარს გაუთანაბრდა (2006-07). 2008 წლის ომმა და რუსულმა აგრესიამ ქვეყანა ძალიან უკან დახია, თუმცა საქართველო მალევე დაუბრუნდა ზრდის მიმართულებას და ტემპიც აღადგინა.

2018-ის ივნისში გაეშვა პროექტი TANAP – ტრანს ანატოლიური გაზსადენი, რომელსაც კასპიის ზღვიდან აზერბაიჯანის, საქართველოსა და თურქეთის გავლით ევროპაში მიაქვს ენერგორესურსი. პროექტის ზურგია მონაწილე ქვეყნების მთავრობები, კომპანია სოკარი და ბრიტანული ბიპი. მიუხედავად იმისა, რომ რეგიონისთვის პროექტი რეალური წინსვლაა, ამასთან რუსეთის ევროპაზე გავლენის შემცირებასაც ემსახურება, პროექტის კომპონენტების გაშვების შემდგომმა პერიოდმა საქართველოს FDI მაჩვენებელზე ნეგატიურად იმოქმედა. 2010-ის შემდეგ TANAP-ის პროექტების ფარგლებში საქართველოში 2 მილიარდ დოლარზე მეტი შევიდა, მისი დასრულების შემდეგ კი ცხადია მაჩვენებელმა იკლო, იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ უმსხვილესი პროექტი დასრულდა.  

გამომდინარე იმ მოთხვნებიდან, რაც ზოგადად საინვესტიციო წრეებისთვისაა მნიშვნელოვანი, საქართველო ამ ეტაპისთვის ყველა მიმართულებით მომგებიან მდგომარეობაშია, მეზობელ ქვეყნებთან შედარებით. მისი ეკონომიკა, მთლიანი შიდა პროედუქტი და საინვესტიციო პოტენციალი ბოლო 16 წლის განმავლობაში სტაბილურად მზარდია, რასაც ვერ იტყვი აზერბაიჯანზე, სომხეთსა და რუსეთზე. ამ ყვეყნების მაკროეკონომიკური პარამეტრები მუდმივად თვალშისაცემ რყევას განიცდის.
შესაბამისად, საქართველო უცხოელი ინვესტორებისთვის, ამ კუთხით, მაინც ყველაზე მიმზიდველია. ქვეყანას გაუმჯობესება აქვს ასევე ორივე – შიდა და გარე ბალანსში (ბიუჯეტი და მიმდინარე ანგარიშების ბალანსები). ამასვე ემატება ინფრასტრუქტურული გეგმები, როგორც შესაბამისი სამინისტრო იუწყება დაგეგმილია 750 მილიონი დოლარის ინვესტირება 1400 ინფრასტრუქტურულ პროექტში, რაც გაცილებით მნიშვნელოვანი ინფორმაციაა საინვესტიციო წრეებისთვის დაგეგმვის კუთხით, მიუხედავად იმისა, ეს თანხები შიდა თუ გარე წარმოშობისაა.

გაზიარება

Share on facebook
Facebook
Share on twitter
Twitter