თეა წულუკიანი-პრეზიდენტს მარიამობის შეწყალებისას აზრი არ უკითხავს

შეწყალების უფლება ულიმიტო და უსაზღვრო ვერ იქნება, თორემ წინააღმდეგ შემთხვევაში, ისეთ სამწუხარო შედეგებამდე მივალთ, როგორამდეც მარიამობის შეწყალებაზე მივედით, როდესაც მკვლელობის მუხლით სამი ადამიანი იქნა შეწყალებული, – ამის შესახებ საქართველოს ვიცე-პრემიერმა, იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „თავისუფალი ხედვა“ განაცხადა.
“ჩვენ პირდაპირ მივიღეთ პრეზიდენტის ხელმოწერილი აქტი, რის შემდეგაც, 24-დან 23 პირი საპატიმროდან გათავისუფლდა, ხოლო ერთი ვერ გათავისუფლდებოდა, რადგან ის დღესაც ძებნილია”, – განაცხადა თეა წულუკიანმა. მინისტრს პირდაპირ ეთერში ჰკითხეს ვინ და რისთვის არის ის ძებნილი პირი, რომელიც პრეზიდენტმა შეიწყალა, რაზეც წულუკიანმა თქვა, რომ დანაშაული მითვისება-გაფლანგვას შეეხებოდა.
“თუ სწორად მახსოვს, ეს მითვისება-გაფლანგვა უნდა იყოს. ეს ადამიანი დაახლოებით, 2009-2010 წლებიდან არის გაუჩინარებული და ძებნილია. რაც შეეხება გვარს, ეს პერსონალური მონაცემია და ვერ დავასახელებ. პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის ძალიან მეშინია. ეს კანონით აკრძალულია და ამ ადამიანის ნებართვაა საჭირო იმისთვის, რომ გვარი გავამჟღავნო. რეალურად, იმ 24 მსჯავრდებულიდან უფრო მეტი იქნა შეწყალებული, მაგრამ დანარჩენები პრობაციონერები იყვნენ და ამიტომ, მათზე დღეს არ მისაუბრია”,- განაცხადა თეა წულუკიანმა.

გაზიარება

Share on facebook
Facebook
Share on twitter
Twitter