ჯულიან ასანჟი – გმირი თუ მოძალადე?

„ვიკილიკსის“ დამფუძნებელი ჯულიან ასანჟი ლონდონის ვესტმინსტერის სასამართლოს გადაწყვეტილებით, პატიმრობაში დარჩება, სანამ აშშ-ში მისი ექსტრადიციის საკითხი არ გაირკვევა.
2010 წლის ნოემბერში შვედეთმა გასცა ასანჟის დაპატიმრების ორდერი ორი ქალის მიმართ სექსუალურ ძალადობაში ბრალდების საფუძველზე. ასანჟი ბრალდებებს უარყოფს.
ასანჟს გასამართლებას უპირებენ 2012 წელს ბრიტანეთში გირაოთი განთავისუფლების პირობების დარღვევისათვის. საქმე ისაა, რომ 2010 წლის დეკემბერში – მას შემდეგ, რაც შვედეთმა ასანჟის დაპატიმრების ორდერი გასცა – ის ლონდონში პოლიციას ჩაბარდა. ასანჟი ჯერ დააკავეს, შემდეგ კი, შვედეთში ექსტრადიციის საკითხზე სასამართლოს გადაწყვეტილების მოლოდინში, გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს.
11 აპრილს ლონდონში ასანჟის დაკავების შემდეგ გავრცელდა აშშ-ის იუსტიციის სამინისტროს განცხადება, რომ ვებპორტალ „ვიკილიქსის“ დამფუძნებელს წაუყენეს „კომპიუტერში შესაღწევად“ შეთქმულების – კერძოდ, სამხედრო დაზვერვის ყოფილ ანალიტიკოს ჩელსი მენინგთან შეთქმულების – ბრალდება.
მიუხედავად ამ ბრალდებებისა საზოგადოების აზრი ორად იყოფა. „ჩემთვის ჯულიან ასანჟი გმირია. რაც მან გამოაქვეყნა, იყო სიმართლის შემცველი ინფორმაცია, რომლის ნახვის უფლებაც ჰქონდა ამერიკულ საზოგადოებასა და მსოფლიოს“, – ასე ფიქრობს ამერიკელი იურისტი და პუბლიცისტი ენდრიუ ნაპოლიტანო.  ლონდონში ეკვადორის საელჩოსთან, შემდეგ კი სასამართლოსთან, სადაც ასანჟი მიიყვანეს, შეიკრიბნენ მხარდამჭერები მისი გათავისუფლების მოთხოვნით.
ასანჟის ექსტრადიციის საქმის არსობრივი განხილვა 25 თებერვალს დაიწყება. მანამდე მისმა ადვოკატებმა და აშშ-ს შესაბამისმა სტრუქტურებმა სასამართლოს საკუთარი არგუმენტები უნდა წარუდგინონ. ექსტრადიცის პროცესი შესაძლოა წლები გაგრძელდეს.

გაზიარება

Share on facebook
Facebook
Share on twitter
Twitter