ბათუ ქუთელიას კომენტარი საქართველოს ელჩობის კანდიდატად კელი დენიანის წარდგენასთან დაკავშირებით

„პირველ რიგში, მნიშვნელოვანია, რომ გვეყოლება ამერიკის ელჩი. ჯერ გასავლელია კონგრესის პროცედურები და ამას დრო დასჭირდება, მაგრამ სავარაუდოდ ელჩი ნოემბერში უკვე ფიზიკურად აქ იქნება. ფაქტია, ძალიან მნიშვნელოვანი და კრიტიკული წელია საქართველოსთვის, რადგან იწყება საარჩევნო ციკლი; ასევე გასათვალისწინებელია, რომ „ქართული ოცნება“ დემორკატიის ხარისხის კუთხით ძალიან ბევრ შეცდომას უშვებს და არასწორ ნაბიჯებს დგამს – ამ მოცემულობაში მნიშვნელოვანია სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნის ელჩის ყოფნა ქვეყანაში. ესა ერთ-ერთი ფაქტორია იმისა, სწორად წარიმართოს დემოკრატიული პროცესები და არა ისე, რაც ბოლო პერიოდში ვიხილეთ,“— ასე შეაფასა ატლანტიკური საბჭოს ვიცე პრეზიდენტმა, ბათუ ქუთელიამ,  კელი დენიანი, რომელიც საქართველოში სრულუფლებიანი ელჩის პოზიცის კანდიდატურით იყო წარდგენილი.
როგორც ქუთელია „ კომერსანტთან“ განმარტავს, ეს გადაწყვეტილება უმნიშვნელოვანესია და დადებით გავლენას იქონიებს ქვეყნის პოლიტიკურ განვითარებაზე. 
ჩვენი ვებ-გვერდი გთავაზობთ უცვლელად ამ ინტერვიუს:
 „რამდენადაა დაკავშრებული ელჩის წარდგენა წინა დღის გახარიას პრემიერობის კანდიდატად დასახელებასთან; ეს რაიმე გზავნილი ხომ არაა?  
არამგონია პირდაპირი კავშირი იყოს. ზედმეტად დიდი პატივია  გახარიას პერსონისთვის, რომ სპეციალურად მის ან ღარიბაშვილის დანიშვნას უკავშირდებოდეს ელჩის წარდგენა. გზავნილი ბევრად მკაფიო იყო, როდესაც ამერიკის სახელმწიფო მდივანს, მაიკლ პომპეოს შეხვდა უკვე ყოფილი პრემიერი მამუკა ბახტაძე. მკვეთრი და მკაცრი გზავნილები მოვისმინეთ, მაგრამ როგორც ჩანს ხელისუფლება ცდილობს არც თუ ისე თანმიმდევრული იყოს ამ მიმართებით;  ბოლოს გადადგმული ნაბიჯები ამის დასტურია. „ქართულმა ოცნებამ“ ან ზუსტად ვერ გაიგო რა გზავნილები ჰქონდა პომპეოს, ან გაიგო მაგრამ სხვა გზა აირჩია. ამიტომაც აშშ-ს სახელმწიფო მდივნისა და ბახტაძის შეხვედრის შემდეგ, სავარაუდოდ უფრო დაჩქარდა ელჩის დანიშვნა. თანაც ყველამ ვიცით, რომ ხელისუფლება წინა კანდიდატურის დაბლოკვას შეეცადა.
როგორ აისახება აშშ-ს ელჩის  კელი დენიანის საქართველოში ყოფნა ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე?
ბოლო 25 წლის განმავლობაში ქართულ-ამერიკული ურთიერთობა ძალიან თანმიმდევრულია და სტრატეგიულად ვითარდებოდა. აღნიშნული რამდენიმე ძირითად ფაქტორს ითვალისწინებს: ესაა თავდაცვა და უსაფრთხოება (აქ მარტო საქართველო არ იგულისხმება, მათ შორისაა მთლიანი რეგიონი და  ამერიკის ინტერესები რეგიონში); ესაა ეკონომიკა და ვაჭრობა (საქართველოს ეკონომიკური კეთილდღეობის გარდა იგულისხმება სატრანსპორტო დერეფანი, სტრატეგიული ინფრასტრუქტურა და ა.შ.); მესამე კომპონენტია ხალხთა შორის ურთიერთობა, ანუ განათლება და კულტურების გაცვლა; მეოთხე  და ძალიან მნიშვნელოვანი – დემოკრატიული ინსტიტუტების მშენებლობა და დემოკრატიის ხარისხის ამაღლება.
საქართველო დარჩება ამერიკის პარტნიორად მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ  შეინარჩუნებს დასავლეთის კურსს და თუ აქ იქნება დემოკრატია. ამიტომ აქ უკვე თავად ამერიკის  ჩართულობა, რომ საქართველომ  არ გადაუხვიოს დემოკრატიულ განვითარებას და ეს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობის სურვილია, ძალიან მნიშვნელოვანია. სამწუხაროდ ხელისუფლება აცდენილია საზოგადოების სურვილებს და დაკავებულია საკუთარი ძალაუფლების კონსოლიდაციით – ასეთ შემთხვევაში, ბუნებრივია, აშშ-ს მთავრობის მხარდაჭერა და ელჩის ფიზიკურად ყოფნა აუცილებელია.
ელჩის ჩამოსვლა მხოლოდ რიტორიკული მხარდაჭერა არაა. ესაა ამერიკის მნიშვნელოვანი ბერკეტების გამოყენება, რაზეც დამოკიდებულია ჩვენი უსაფრთხოება და დემოკრატიული განვითარება.
საქართველოს ამერიკის ელჩი არ ჰყავდა თითქმის წელიწად-ნახევარი. რა გავლენა მოახდინა ამან ქვეყნის განვითარებაზე?
არ იყო სასარგებლო ფაქტი. ეს მგრძნობიარე და მოწყვლადი პერიოდი გახლდათ. წინა კანდიდატის დაბლოკვაც საკმაოდ მავნებლური ნაბიჯი იყო „ქართული ოცნების“ მხრიდან და არც თუ სასიამოვნო ლაქად დააჩნდება ჩვენს დიპლომატიურ ურთიერთობას. დროებით მოვალეობის შემსრულებლის გამოგზავანა მაშინ, როცა საპრეზიდენტო არჩევნების წინა პერიოდი იყო  უარყოფითად აისახა პროცესებზე და ყველას გვახსოვს როგორი დარღვევებით ჩაიარა ამ არჩევნებმა. ამიტომ მსგავსი რომ აღარ განმეორდეს 2020 წლისთვის, ჩვენი ამერიკელი პარტნიროების ჩართულობა პროცესებში და მხარდაჭერა უმნიშვნელოვანესია.“
შეგახსენებთ, ამერიკის შეერთებულ შტატებს საქართველოში ელჩი 2018 წლის აპრილიდან არ ჰყავს.სწორედ ამ დროს ამოეწურა უფლებამოსილების ვადა ელჩ იან კელის . წარდგენილი ელჩის კანდიდატურას კი სენატმა უნდა დაუჭიროს მხარი.

გაზიარება

Share on facebook
Facebook
Share on twitter
Twitter