როგორ ვიფრინოთ იაფად – Ryanair თუ Wizz Air

ბიუჯეტური ავიაკომპანია Ryanair-ი თბილისიდან და ქუთაისიდან ავიარეისებს ნოემბრის პირველი რიცხვებიდან იწყებს. იაფი ავიაბილეთებით, სახელგანთქმული ავიაკომპანია, რიგით ქართველებს ევროპაში მოგზაურობის კარგი საშუალებას აძლევს, მაგრამ საიმისოდ, რომ ბიუჯეტური ავიაკომპანიით სარგებლობა ძვირ სიამოვნებად არ იქცეს, საჭიროა რამდენიმე თავისებურებისა და რეკომენდაციის გათვალისწინება.
წლების წინ ქართული საზოგადოების დიდმა ნაწილმა საკმაოდ სკეპტიკურად მიიღო ბიუჯეტური ავიაკომპანია Wizz Air-ის გამოჩენა ქუთაისის აეროპორტში.
მგზავრებისთვის უცხო აღმოჩნდა ბილეთების ონლაინ შეძენის პროცესი, ასევე ონლაინ რეგისტრაცია და ბარგის პოლიტიკის დეტალებში გარკვევა, თუმცა დროთა განმავლობაში მდგომარეობა შეიცვალა და ამჟამად Wizz Air-ი საქართველოში მთავარი ავიაგადამზიდველია.

Ryanair-ის მომსახურებაც ონლაინ პლატფორმას ეფუძნება და დამატებითი ხარჯების თავიდან ასაცილებლად, საჭიროა ბილეთების შეძენას მიუდგეთ არა ისე, როგორც სხვა ავიაკომპანიების შემთხვევაში, არამედ უნდა გაითვალისწინოთ ბილეთში შემავალი სხვადასხვა კომპონენტი, მაგალითად, კვება, სხვადასხვა ზომის ბარგი, ურიგოდ რეგისტრაცია და ასე შემდეგ.
ბილეთების ძიება
ქუთაისს ამ წლების მანძილზე უამრავი უცხოელი ესტუმრა იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ იქ ევროპიდან ჩასვლა საკმაოდ იაფია და დასავლეთ ევროპის რომელიმე ცნობილი ქალაქის საზოგადოებრივი ტრანსპორტის დღიური ბილეთის ფასი ჯდება. ასეთი შემთხვევებში ძირითადად მოგზაურები იაფი ბილეთის აღმოჩენის შემდეგ იწყებენ კონკრეტული ქალაქისა და მისი ღირსშესანიშნაობების შესწავლას.
Ryanair-ის იაფი ბილეთების ძიებისას დაივიწყეთ ტრადიციული მიდგომა, არ დაელოდოთ ფასდაკლებებს თქვენთვის ხელსაყრელი კონკრეტული თარიღის მიხედვით, არამედ მოგზაურობა დაგეგმეთ იმის მიხედვით, თუ როდისაა შესაძლებელი ბილეთების შეძენია ყველაზე იაფად. ხელსაყრელი ფასები შეგიძლიათ იხილოთ ავაიკომპანიის შესაბამის ვებგვერდზე.

გასათვალისწინებელია ისიც, რომ ბილეთების ფასები ხშირად იცვლება. მაგალითად, 21 აგვისტოს, მაშინ როდესაც საქართველოში Ryanair-ის შემოსვლა გამოცხადდა, თბილისი-მილანის ბილეთის ფასი 20 ევრო იყო, დღის ბოლოს ღირებულება 35 ევრომდე გაიზარდა, რადგან ბევრმა მსურველმა დაუფიქრებლად შეიძინა უჩვეულოდ იაფი ავიაბილეთები. ასევე იაფი, ხელსაყრელი ვარიანტების მოსაძებნად შეგოძლიათ ეწვიოთ სპეციალიზებულ ფეისბუკჯგუფებს, სადაც ხშირად ქვეყნდება ინფორმაცია იაფი ავიაბილეთების შესახებ.
ბილეთის შეძენა
თქვენთვის მისაღებ ვარიანტის შეარჩევის შემდეგ, უნდა გაითვალისწინოთ რამდენიმე დეტალი, რომელიც აუცილებელია იმისთვის, რომ ბილეთი შეძენის პროცესში არ გაძვირდეს. მაგალითად, ავირჩიეთ წლის ბოლომდე არსებული თბილისი-მილანის ყველაზე იაფი ვარიანტი. 11 დეკემბერს ბილეთის ფასი ერთი მიმართულებით 26.55 ევროს შეადგენს. უკან დასაბრუნებლად ავირჩიოთ 15 დეკემბერი – 43.53 ევრო და, შესაბამისად, ორმხრივი ავიაბილეთის ღირებულება გამოვიდა 70.08 ევრო, ანუ, შესაბამისი კურსით, 228 ლარი.

მაქსიმალური სიიაფის მისაღწევად ჯერ შეგიძლიათ შეიძინოთ ერთი მიმართულების ბილეთი, რომლის ფასიც მისაღებია, შემდეგ კი დაელოდოთ მეორე მიმართულების გაიაფებას. თუ თადარიგს 3 თვით ადრე მაინც დაიჭერთ, სრულიად შესაძლებელია ოპტიმალური ვარიანტის შერჩევა. რაც უფრო ახლოვდება თქვენი გაფრენის თარიღები, ბილეთები მით უფრო ძვირდება, თუმცა არის ხოლმე გამონაკლისებიც, სხვადახვა თარიღებთან დაკავშირებული ფასდაკლებები და ასე შემდეგ.
გაითვალისწინეთ, რომ ბილეთის შეძენისას სისტემა შემოგთავაზებთ უამრავ სერვისს. უნდა აირჩიოთ მხოლოდ ის, რომელიც აუცილებლად გესაჭიროებათ. მაგალითად, უნდა შეარჩიოთ ის ბარგი, რომელშიც თქვენი ნივთები მოთავსდება – ვთქვათ, უფასო ხელბარგი ან 10-კილოგრამიანი ჩანთა, რომელიც 6-10 ევრო ღირს. უფრო დიდი მოცულობის ბარგი ბილეთს აძვირებს, ისევე როგორც თვითმფრინავში სავარძლის არჩევა. მე პირადად სავარძლს ავტომატურად, შემთხვევით არჩევის ფუნქცით ვჯავშნი.
ბილეთის შეძენისას ნუ იჩქარებთ ფასიანი „ჩეკინის“ – რეგისტრაციის – გაკეთებას. სისტემა უფასო რეგისტრაციის საშუალებას გაფრენის თარიღამდე ორი დღის მანძილზე მოგცემთ. უფასო რეგისტრაცია გაფრენამდე 2 საათით ადრე წყდება და, თუ ვერ მოასწარით, ადგილზე დამატებითი თანხის გადახდა მოგიწევთ. რეგისტრაცია საჭიროა იმისთვის, რომ სისტემამ ჩასხდომის ბარათი მოგანიჭოთ, მასზე კი ასახულია თქვენი პირადი მონაცემები, თვითმფრინავში სავარძლის ნომერი და სხვა დეტალები. შეგიძლიათ ჩასხდომის ბარათი ამობეჭდოთ ან ელექტრონული ფორმით – მობილურით – წარადგინოთ აეროპორტში.

Ryanair და Wizz Air
Ryanair-ის მიერ თბილისიდან და ქუთაისიდან ორ-ორი მიმართულებით ფრენების დაწყების ანონსირებიდან ორი დღის შემდეგ Wizz Air-მა არსებულ მიმართულებებს კიდევ ორი ახალი დაუმატა – ზუსტად ის ქალქები, სადაც ქუთაისიდან Ryanair-ი იფრენს. ასევე გააორმაგა ფრენა მილანის მიმართულებით, სადაც Ryanair-ი რეისებს თბილისიდან შეასრულებს.
ამ ორი კომპანიის ჯანსი კონკურენციით მოგებული მხოლოდ მგზავრები რჩებიან. მათ შორის სხვაობა მაინც არის. მაგალითად, თუ Wizz Air ქუთაისიდან მილანში მალპენსას აეროპორტში დაფრინავს, Ryanair-ი რეისებს შეასრულებს მილანიდან თითქმის იმავე მანძილით დაშორებულ ბერგამოს აეროპორტში. ანუ, მიუხედავად ერთნაირი მიმართულებებისა, ორივე ავიაკომპანია, თუ ამის საშუალება არის, ერიდება ზუსტ დუბლირებას, რაც მომხმარებელს მეტი არჩევანის საშუალებას აძლევს.
ამ და მსგავსი ტიპის ავიაკომპანიებს საქართველოში „მფრინავ მარშრუტკებს“ უწოდებენ. ისინი მომსახურების სიმარტივით მართლაც წააგავს საქართველოში საქალაქთაშორისო „მარშრუტკების“ სისტემას, თუმცა უსაფრთხოების დონე და ავიახომალდების ტექნიკური მდგომარეობა არაფრით ჩამოუვარდება ტრადიციული ავიაკომპანიებისას.
ბიუჯეტურ ავიაკომპანიებს, რაოდენ საოცარიც უნდა იყოს, ყველაზე ახალი ავიახომალდები აქვთ. ძველი თვითმფრინავები მეტ საწვავს მოიხმარენ, ტექნიკურ მომსახურებაზე უფრო მეტი დანახარჯები აქვთ და მათი ექსპლუატაციაც ნაკლებად ეფექტიანია.
ტრანზიტული მგზავრობა
აღსანიშნავია, რაც ბიუჯეტურ ავიაკომპანიებს განასხვავებს ტრადიციულისაგან, ის, რომ მათ არ აქვთ ტრანზიტული ავიაბილეთები – ისეთი რეისები, რომელიც ერთ და მეტ გადაჯდომას ითვალისწინებს. მაგალითად, Ryanair-ი მილანი-ბერგამოდან ბევრი მიმართულებით დაფრინავს – მათ შორის არის ბერლინი. ბილეთის ფასი 18 ევროდან იწყება. თუმცა, თუ გაქვთ სურვილი 11 დეკემბერს თბილისიდან მილანის გავლით ბერლინში ჩახვიდეთ, ამას Ryanair-ის ერთიანი ბილეთით ვერ მოახერხებთ. ამ მარშრუტით მგზავრობისთვის ცალ-ცალკე ბილეთები უნდა შეიძინოთ და თუ, მაგალითად, თბილისი-მილანის ხომალდმა დააგვიანა, მილანი-ბერლინის ფრენა გაუქმდება. ანუ ავიაკომპანია რეისების კავშირზე პასუხისმგებლობას არ იღებს. თუმცა გამოსავალი აქაც არის სხვადასხვა ტიპის ვებსაიტების სახით, რომლებიც ტრანზიტულ ბილეთებს გასცემენ და გარკვეულ გარანტიასაც იძლევიან.
მსგავსი მარშრუტებიდანიშნულების ადგილზე ჩასვლისთვის ყველაზე იაფი გზაა და ყველაზე დაბალანაზღაურებადი მოქალქისთვისაც კი ხელმისაწვდომს ხდის ევროპაში მოგზაურობას.

გაზიარება

Share on facebook
Facebook
Share on twitter
Twitter